• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლამდელი განათლების მართვის სიტემების გაუმჯობესებისა და პროგრამის ხარისხის ამაღლების მიზნით ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა თვის ბოლოს დასრულდება

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) პირველი კომპონენტი მიზნად ისახავს ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას.

კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია ადრეული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს შემუშავება, მონაცემთა მართვისა და ანგარიშგების სისტემის ფორმირება და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგთა ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკის მიმართულებით პედაგოგთა მომზადება-გადამზადება, სასკოლო მზაობის პროგრამის განახლება/გაუმჯობესება და შერჩეულ 150 სკოლაში რეაბილიტირებული სასკოლო მზაობის ჯგუფებში მისი წარმატებით დანერგვის მიზნით პედაგოგების შესაბამისი გადამზადება და სხვ.

ამ დავალების შესასრულებლად, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა მაღალკვალიფიციურმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კონსულტანტებმა არაერთი შეხვედრა გამართეს დაინტერესებულ მხარეებთან. პროექტის გუნდთან ერთად მათ განსაზღვრეს მოსამზადებელი სამუშაოები, შესრულების მეთოდები და პოლიტიკის საჭირო დოკუმენტაცია.

კონსულტანტებმა – ტრინა არსენომ და ნინო ფრუიძემ დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით შეიმუშავეს ტექნიკური დავალების სამუშაო ვერსია. სექტემბრის ბოლოს წარმოდგენილი იქნება ტექნიკური დავალების საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვითაც კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განხორციელდება.