• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევის საწყისი და პირველადი ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა

I2Q პროექტის ფარგლებში სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევა მიმდინარეობს. კვლევა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: 1. სკოლამდელი განათლების სექტორის ძირითადი საკითხებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას და 2. ყოვლისმომცველ შეფასებას, ასევე, სასკოლო მზაობაზე მოთხოვნასა და მიწოდებაში არსებული სირთულეების მიმოხილვას.

სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკურ კვლევაზე მუშაობს საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეულ ორგანიზაციათა გაერთიანება – PPMI Group UAB (ლიეტუვა), International Step By Step Association (ISSA) (ნიდერლანდები) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი.

მიმდინარე კვლევის საწყისი და  პირველადი ანგარიშების წარდგენის მიზნით 28 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს კვლევის განხორციელების ტექნიკური საკითხები, მათ შორის კვლევის დიზაინი, მეთოდოლოგია და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე – ეკატერინე დგებუაძე, სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი თამარ თოლორაია, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ლეჟავა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი – ნინო ლაბარტყავა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების სამსახურის უფროსი ნინო თოდუა და I2Q პროექტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე.