ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა მიმდინარეობს
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
რას გულისხმობს განათლების ხარისხი და რა განაპირობებს მის მაღალ დონეს? როგორი უნდა იყოს ზოგად განათლებაში ხარისხის მართვის სისტემა? როგორ, რა ვადაში და რა ინსტრუმენტებით გაუმჯობესდება განათლების ხარისხი? რომელი სტრუქტურული ერთეულები მონაწილეობენ ხარისხის უზრუნველყოფაში და როგორ განაწილდება პასუხისმგებლობები?
ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემისა და სახელმწიფო დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი I2Q პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტის (ჩარჩოს) შემუშავება და დამტკიცება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პირველად იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის კონკრეტული სტრატეგია. სტრატეგია არ გულისხმობს მხოლოდ ხარისხის შემოწმებას, არამედ დაეხმარება სკოლებს პრობლემების გადაწყვეტასა და ინფორმაციის დროულად მიღებაში. ასევე, შემოგვთავაზებს ერთიან, სისტემურ ხედვას, მკაფიო მიზნებს, კვლევის მექანიზმებს, რესურსებსა და ინტერვენციების დივერსიფიცირებულ გზებს.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დააყრდნობით და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით პოლიტიკის დოკუმენტის კონცეპტუალურ ნაწილზე მუშაობდა საერთაშორისო კონსულტანტი ჰართმუთ მეიერი. 17 მარტს მეიერმა დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და I2Q პროექტის მართვის გუნდს განსახილველად წარუდგინა.