მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მისიის ფარგლებში უმაღლესი განათლების კომპონენტის საკითხები განიხილეს
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მისიის ფარგლებში უმაღლესი განათლების კომპონენტის საკითხები განიხილეს. 25 მარტს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელს, ნინო ბეგიაშვილს უსმენდნენ. ნინო ბეგიაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია უმაღლესი განათლების მიმართულებით, I2Q პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის ინოვაციების ფონდის (CIF) შექმნასთან დაკავშირებით. ფონდის შექმნა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას. ინოვაციების ფონდის საქმიანობა განხორციელდება 2022-2024 წლებში. გაიცემა 40 გრანტი. დაფინანსებას მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს.
ნინო ბეგიაშვილმა ასევე ისაუბრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ I2Q პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სადოქტორო პროგრამა განათლებისა და მეცნირების მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე მომზადდება მეწარმეობის მოდული სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარებისა და დარგობრივი ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერის მიზნით. შერჩეულ დისციპლინებში საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით კი საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმა (International Excellence School) შეიქმნება.