• English
  • ქართული

სიახლეები

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერებაზე მუშაობა გრძელდება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) საქართველოს განათლების სისტემას 2012 წლიდან ემსახურება და სექტორში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მუდმივ განვითარებას და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, EMIS-ი აწარმოებს და ავრცელებს საგანმანათლებლო სტატისტიკას.

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული I2Q პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სამუშაოები EMIS-ის განვითარება-გაძლიერებისთვის. საერთაშორისო კომპანიათა გაერთიანებამ (EdTech Ventures, H2 Learning (ირლანდია) და Conscience IT (ინდოეთი)) EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევა განახორციელა. მთლიანი სისტემის სიღრმისეული და დეტალური კვლევა მიზნად ისახავს განათლების სისტემის ეფექტური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის ინფორმაციული საჭიროებების განსაზღვრას, ინფორმაციის მოგროვების მეთოდებისა და მიდგომების შესწავლას, არსებული მონაცემების ანალიზს, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ემისის გაძლერების განხორციელებისთვის რეკომენდაციების წარდგენას.

14 მარტს კომპანიამ დაინტერესებული მხარეებისათვის წარმოადგინა განხორციელებული კვლევის და მის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებული რეკომენდაციების (სამუშაო ვერსია) დეტალური პრეზენტაცია. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ I2Q პროექტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი სსიპ-ების წარმომადგენლები.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებული EMIS-ი უწყვეტი განათლების დანერგვის, დაკვირვების, ინფორმაციის ნებისმიერ ჭრილში ანალიტიკისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას მისცემს განათლების სისტემას ყველ საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება).

მიღებული უკუკავშირის საფუძველზე კომპანია დოკუმენტაციის დახვეწასა და სრულყოფაზე იმუშავებს. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება.