• English
  • ქართული

სიახლეები

სამოდელო სკოლების მშენებლობა მალე დაიწყება

საქართველოში საჯარო სკოლები ახალი ეროვნული სტანდარტის მიხედვით აშენდება.  პირველად ქვეყნის ისტორიაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში მუშავდება სტანდარტი, რომელიც დაეფუძნება კონკრეტულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს და მორგებული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. ახალი სტანდარტი მოაწესრიგებს არქიტექტურულ/სამშენებლო საკითხებს, განსაზღვრავს სასკოლო სავალდებულო სივრცეებს, ასევე – სავალდებულო და სარეკომენდაციო მოთხოვნებს.

სტანდარტები დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მათში გაანალიზებული იქნება ყველა სამუშაო, რომელიც საერთაშორისო დონორების ჩართულობით დღემდე ჩატარებულა ქვეყანაში. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება უსაფრთხოებას, სანიტარიას და ჰიგიენას, ავეჯის სპეციფიკაციებს, ენერგოეფექტურობას, სამშენებლო მასალების უსაფრთხოებას/ხარისხს, ელექტრობას, გათბობას, ვენტილაციას, გამწვანებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.  საკლასო ოთახების დაგეგმარება და მათში ავეჯის განლაგება მორგებული იქნება სწავლების სხვადასხვა მეთოდის თავისებურებებზე. სტანდარტებზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია, უკვე მზადაა ჩარჩო-დოკუმენტი. სამუშაო ვერსიებს I2Q პროექტის გუნდთან ერთად განიხილავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მისი სტრუქტურული დანაყოფები. შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია სტანდარტების განხილვა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კომპეტენტური აზრის გასათვალისწინებლად, რადგან სტანდარტი განკუთვნილია ეროვნულ დონეზე სამუშაოდ.

ამ ახალი სტანდარტების შესაბამისად, I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის  მასშტაბით დაგეგმილია 18-მდე სამოდელო სკოლის მშენებლობა. სკოლები შეირჩა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით. მათ შორის, გათვალისწინებულია მაღალმთიანი დასახლებები, გამყოფ ხაზთან მდებარე რაიონები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები. სამოდელო სკოლების საპროექტო სამუშაოებს განახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. დიზაინის და არქიტექტურული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ახალ კონცეფციასაც, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობისა და დაწყებითი საფეხურის დაკავშირებას როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად.