სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ფონდის ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 6 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა საზედამხედველო ჯგუფთან* სამუშაო შეხვედრა გამართა.
ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნენსი ფრაიმ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც თანამშრომლობის მეორე ეტაპის შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს მოიცავდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების საკანონმდებლო ანალიზისა და აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა პროფესიული განვითარების სქემის სამუშაო ვერსიის შემუშავების ეტაპებზე. ასევე განიხილეს ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბების საკითხი, რომლის წარმატებით შესრულების მიზნით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან მორიგი შეხვედრები დაიგეგმა.
პროფესორმა ნენსი ფრაიმ ვრცლად ისაუბრა აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა არსებული სახელფასო პოლიტიკის ფართომასშტაბიანი კვლევის შესახებ. განხორციელებული კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები აპრილის ბოლოს სრულად იქნება წარმოდგენილი ანგარიშში და გასაცნობად და რეკომენდაციებისთვის გადაეცემა დაინტერესებული მხარეებს.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ფონდის ექსპერტები საქართველოს მორიგი ვიზიტით მაისში ეწვევიან.
*საზედამხედველო ჯგუფი შექმნილია I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული განათლების კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მხარდასაჭერად.