• ქართული
  • English

სიახლეები

SDSURF ექსპერტების დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ფონდი (San Diego State University Research Foundation – SDSURF), განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს. სამუშაოები მიმართულია ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებისა და დანერგვის, ანგარიშგების სისტემის შექმნის, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავების, არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვისა და გაუმჯობესებული სახით დანერგვისკენ. შერჩეულია 6 მუნიციპალიტეტი, სადაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით რეფორმით გათვალისწინებული სიახლეები საპილოტე რეჟიმში ეტაპობრივად დაინერგება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია მათ შორის.

29 მაისს, საქართველოში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. შეხვედრები გაიმართა მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან, ასევე, განათლების, კულტურისა, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან თამარ თამაზაშვილთან სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელთან ირმა ჯანაშვილთან და მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელებთან.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი კონტექსტის გაცნობას, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლას. ექსპერტები დაინტერესდნენ ბაღების ძლიერი და სუსტი მხარეებით, მშობლებისა და, ზოგადად, სოციუმის ჩართულობით და ადრეულ განათლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხებით.

აღმზრდელებმა აღნიშნეს მათი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების განხორციელების საჭიროება, მათ შორის, პრაქტიკული მაგალითებით გაჯერებული ტრენინგებში მონაწილეობა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის სსსმ პირებზე ადაპტირების აუცილებლობა და შესაბამისი პედაგოგების/ფსიქოლოგების ნაკლებობა მუნიციპალიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა ასევე მოინახულეს დედოფლისწყაროს N2 საბავშვო ბაღი, გაეცნენ სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და გაესაუბნენ პერსონალს.

გალერეა