სკოლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამები დაინერგება
27 ივნისს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში IBF International-ის ექსპერტმა ჯეფ ნოვაკმა საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჯეფ ნოვაკი ინოვაციური პროგრამების ექსპერტია და მისი შეხვედრა მასწავლებლებთან I2Q პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობას ისახავდა მიზნად. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, 200 საპილოტე სკოლაში დაგეგმილია STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელება, აქტივობებში ჩართული პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერება და პროგრამების პილოტების პროცესში სკოლების საჭირო რესურსებით მხარდაჭერა. ღონისძიებაში თბილისისა და რეგიონების 20 საპილოტე სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაგეგმილ მოსამზადებელ ტრენინგებში ეტაპობრივად ჩაერთვება 200-ვე საპილოტე სკოლა. ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საერთაშორისო ექსპერტმა ჯეფ ნოვაკმა ისაუბრა STEAM-ის ექსტრაკურიკულური სწავლებისთვის შემუშავებული პროგრამების შესახებ და მონაწილეებს გაუზიარა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში წარმატებით დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტმა წარმოადგინა საპილოტე სკოლებში დაგეგმილი პროგრამები და საჭირო რესურსები. ექსტრაკურიკულურ აქტივობებში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკი და ზოგადი განათლების საფეხურები. აქტივობების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი ექსპერტები.
ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი აქტივობები ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით.