• ქართული
  • English

სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე

უმაღლესი განათლების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების (PBF) მოდელის განხილვის მიზნით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

უმაღლესი განათლების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების (PBF) მოდელი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q” ფარგლებში შემუშავდა და ის თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

PBF მოდელის შემუშავებას წინ უძღვოდა I2Q პროექტის გუნდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით განხორციელებული სადიაგნოსტიკო სამუშაოები, რომლებიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატარა. წინარე სამუშაოების შედეგად, გამოიკვეთა არსებული დაფინანსების სისტემის გამოწვევები და განისაზღვრა დაფინანსების მოდელში ეროვნული სტრატეგიული ამოცანებისა და ანგარიშვალდებულებითი მექანიზმების ასახვის აუცილებლობა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს PBF მოდელი, „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით დაფინანსების ადმინისტრირების მექანიზმები და შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPIs) კატალოგი. ინდიკატორების კატალოგი გამოიყენება თითოეულ დაწესებულებასთან ინდივიდუალური შეთანხმებისათვის, რაც დაწესებულებების ავტონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით ემსახურება ბალანსის დაჭერას ეროვნულ მიზნებსა და საჯარო ანგარიშვალდებულებასა და ინსტიტუციურ დონეზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და პასუხისმგებლობას შორის.

შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPIs) კატალოგიდან თითოეული უმაღლესი სასწავლებელი თავად შეარჩევს ინდიკატორებსა და მიზნებს, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ მისიას, ძლიერ მხარეებსა და პროფილს ეროვნული მიზნების კონტექსტში. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ დაწესებულებას შეიტანოს საკუთარი შეთანხმებული წვლილი ეროვნული მიზნების მიღწევაში და სანაცვლოდ სახელმწიფოსაგან შესაბამისი დაფინანსება მიიღოს. ამგვარი მიდგომა ასახავს დაწესებულებებს შორის მრავალფეროვნებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მისია, აკადემიური პროგრამების ჩამონათვალი, აქცენტი სწავლებასა და კვლევაზე და ა.შ.

უმაღლესი განათლების სისტემაში PBF მოდელისა და „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით დაფინანსების ადმინისტრირების მექანიზმების პილოტირება 2025 წლისათვის იგეგმება.

გალერეა