IBF International-ის ექსპერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს ესტუმრნენ
IBF International-ის ექსპერტთა გუნდის ლიდერი ჯონ ჰენლი, ექსპერტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს ესტუმრა. ექსპერტებმა აჭარის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ვიზიტების მიზანს სასკოლო პრაქტიკის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა. როგორც ჯონ ჰენლიმ აღნიშნა, მალე შერჩეულ სკოლებში მთლიანი სკოლის გაუმჯობესების პილოტირება დაიწყება, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სკოლების პერსონალის მოსაზრებებისა და სკოლის მზაობის გაცნობა. მიღებულ ინფორმაციას ექსპერტები უშუალოდ პილოტირების პროცესში გაითვალისწინებენ. ჯონ ჰენლიმ ხაზი გაუსვა სკოლების მაღალ მზაობას და აღნიშნა, რომ პროექტში ჩართვით იმაზე მეტი სკოლაა დაინტერესებული, ვიდრე საპილოტედაა გათვალისწინებული (200 სკოლა). მათ შორის, კერძო სკოლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.