სკოლებისთვის მთლიანი სკოლის გაუმჯობესების ტრენინგების ციკლი დაიწყო
საერთაშორისო კონსორციუმმა IBF International-ის ხელმძღვანელობით მთლიანი სკოლის გაუმჯობესების პილოტირების წინარე მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. 20-22 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ შერჩეული 15 სკოლის 50-მდე წარმომადგენლისთვის ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგების თემას წარმოადგენდა მონაცემთა შეგროვება და დამუშავება.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ სკოლების ხელმძღვანელები და მასწავლებლები, რომლებიც გაეცნენ ინფორმაციას, თუ რა მონაცემებს უნდა აგროვებდეს სკოლა, როგორ უნდა ამუშავებდეს მათ და როგორ იყენებდეს ანალიზზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
IBF International-ის ექსპერტების ხელმძღვანელობით შეხვედრები ძალიან საინტერესოდ და ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. პროცესში ჩართულები იყვნენ ქართველი ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ტრენინგიდან მიღებული ცოდნა პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს წარმატებით განახორციელონ მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მექანიზმების პილოტირება. I2Q პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო ექსპერტებთან შემდგომი შეხვედრებიც, სადაც გააანალიზდება პილოტირების პროცესში შეგროვებული მონაცემები და პრაქტიკა. პილოტირების პროცესი გაგრძელდება 2023-2024 აკადემიური წლის დასრულებამდე. საგულისხმოა, რომ ტრენინგში ჩართული სკოლების გადამზადებული წარმომადგენლები მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვა სკოლებს.