• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალის სახელფასო პოლიტიკის მოდელისა და კვლევის მიგნებები განიხილეს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები კომპლექსურ აქტივობებს ახორციელებენ. ექსპერტების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და, მის კვალდაკვალ, კვალიფიციური კადრების სფეროში შენარჩუნებისა და მათი მუდმივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესრულებაზე დაფუძნებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის მოდელის შემუშავებაა. ამ საკითხზე SDSURF-ის შეფასების სისტემების სპეციალისტი, დოქტორი ჯეიმს მარშალი მუშაობს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალის სახელფასო პოლიტიკის მოდელისა და კვლევის მიგნებების განსახილველად 13 თებერვალს შეხვედრა გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტთან არსებული, სკოლამდელი განათლების საკონსულტაციო საბჭოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წამომადგენლები ესწრებოდნენ.

დაინტერესებულ მხარეებთან პროფესორმა ჯეიმს მარშალმა ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორის სახელფასო კვლევაზე, რომელიც საკონსულტაციო კომპანია ACT Global-მა ჩაატარა. შეხვედრაზე ACT Global-ის წარმომადგენელმა წარმოადგინა მზარდი სახელფასო პოლიტიკის მოდელი, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოდელთან მუშაობის ინსტრუქცია და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოდელის პილოტირებისთვის დაგეგმილი მოსალოდნელი სამუშაოები, ასევე ისაუბრა კვლევის მიგნების საფუძველზე გამოანგარიშებულ მინიმალურ ანაზღაურებაზე. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პილოტირების შედეგები და მიგნებები გაანალიზდებოდა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.

გალერეა