• ქართული
  • English

სიახლეები

SDSURF ადრეული განათლების ექსპერტებმა ადგილობრივ კოლეგებთან სამომავლო აქტივობები დაგეგმეს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებენ. 15 თებერვალს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო ექსპერტებმა ადგილობრივ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა წარმოადგინეს მიმდინარე წლის მარტი-ივლისის განმავლობაში დაგეგმილი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების პილოტირების სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, შერჩეულ ექვს მუნიციპალიტეტში (გორი, ლანჩხუთი, ვანი, ზუგდიდი, დედოფლისწყარო და ახალქალაქი) ეტაპობრივად ჩატარდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ადმინისტრაციული პერსონალისა და აღმზრდელების/აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარების ტრენინგები და მენტორული სესიები.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის განახლებული სახელფასო პოლიტიკის, მონაცემების ანგარიშგებისა და განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამის პილოტირების გეგმები. პილოტირების დასრულების შემდეგ ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

აქტივობები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები საქართველოს მომდევნო სამუშაო ვიზიტით 2024 წლის მარტში ეწვევიან.

 

გალერეა