• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაშიც გაიხსნა

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის შემდეგ STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაშიც გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მერიის და ტექნოპარკის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სკოლების დირექტორები.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნის მიზანი სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერებაა, რაც მოგვიანებით მათ პროფესიულ არჩევანში ტრანსფორმირდება.

ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით იყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ნაკრებს – მათ შორის პროგრამირების შესასწავლ, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებებს, 3D პრინტერს, დრონს და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკას. მოსწავლები ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს, მართავენ არდუინოს, განახლებადი ენერგეტიკისა და რობოტექნიკის მექანიზმებს და ახორციელებენ სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობას.

ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვას და სხვა საპილოტე სკოლების ჩართვას აქტივობებსა და ღონისძიებებში.

ზუგდიდის მე-5 და თბილისის 126-ე საჯარო სკოლები STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ პროექტის ფარგლებში.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა უკვე დანერგილია 80  საპილოტე სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წლის დასრულებამდე კი სრულად დაინერგება 200 სკოლაში.