• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა 126-ე სკოლაში სრული დატვირთვით მუშაობს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, თბილისის 126-ე და ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესების მიზნით STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა ამოქმედდა. სკოლებში მოეწყო განსაკუთრებული სივრცეები, რომლებიც შესაბამისი რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა. მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საგანმანათლებლო ნაკრები – მათ შორის პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები, 3D პრინტერი, დრონი და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ STEAM ექსტრაკურიკულურ პროგრამაში, მენტორ მასწავლებელთან ერთად ისინი ატარებენ სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობას განახლებადი ენერგეტიკისა და რობოტექნიკის გამოყენებით, მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს, ფლობენ არდუინოს.

9 თებერვალს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის მონაწილე მოსწავლეებს კომპანია Horizon Educational-ის საგანმანათლებლო პროგრამის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა ონლაინ, საკონფერენციო სისტემის გამოყენებით გაიმართა. Horizon Educational-ის წარმოებულ განახლებადი ენერგიის სამეცნიერო ნაკრებს უკვე იყენებენ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

შეხვედრაზე Horizon Educational-მა მოსწავლეებს გააცნო თავის მისია: კომპანია  შეიმუშავებს, აწარმოებს და ავრცელებს პრაქტიკულ სასწავლო მასალასა და აღჭურვილობას, ასევე ონლაინ კურიკულუმებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. თანამშრომლობს 150-ზე მეტ ქვეყანასთან.

Horizon Educational მიიჩნევს, რომ უფრო მდგრადი მომავლისკენ მიმავალი გზა საკლასო ოთახიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მათი საგანმანათლებლო პროგრამები მოსწავლეებს აძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას განახლებადი ენერგიის სისტემებთან მუშაობისთვის. Horizon Educational-მა მოსწავლეებს გააცნო თავისი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო პროგრამა მსოფლიოში – Grand Prix, რომელშიც 20-ზე მეტ ქვეყანაში მონაწილეობს 2500-ზე მეტი გუნდი, 20 ათას მოსწავლეზე მეტი.

Grand Prix-ს საგანმანათლებლო პროგრამის სამი სხვადასხვა სერია – Explorer, Sprint და Pro შექმნილია სკოლის შესაბამისი საფეხურების მოსწავლეებისთვის. პროგრამის მიზანია მოსწავლეებში გააღვივოს შემოქმედებითობა, გამოგონების უნარი და გამოუმუშაოს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების მოგვარების უნარები. Grand Prix-ს საგანმანათლებლო პროგრამით მოსწავლეები შეძლებენ შექმნან, გამოიგონონ, ააგონ და შეაჯიბრონ მათ მიერ აწყობილი წყალბადზე მომუშავე მანქანები.

გალერეა