• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი მიმდინარეობს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტებისათვის ტრენინგების ციკლი მიმდინარეობს. 12-14 თებერვალს, I2Q პროექტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ტრენინგების ციკლს მეთვალყურეობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის წარმომადგენლები, პროფესორი დაგ ფიშერი და პროფესორი ჯიმ მარშალი.

ტრენინგების მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა და მათი მომზადება ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად, ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. I2Q პროექტის მხარდაჭერით ტრენინგებს უძღვება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტების მიერ გადამზადებული 10 ტრენერი. ტრენინგები მიმდინარეობს ოთხი მიმართულებით: კურიკულუმი, ხარისხის უზრუნველყოფა, კვების დარგი, სანიტარია და ჰიგიენა. ტრენინგების ციკლი მოიცავს ავტორიზაციის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს: ტრენერები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარებს, დასკვნის მომზადებისა და შეფასების ფორმების თავისებურებებს, ექსპერტები შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. სულ გადამზადდება 80 ექსპერტი.

ტრენინგების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის სიმულაცია შერჩეულ საბავშვო ბაღებში, მოგვიანებით კი სიმულაციური ავტორიზაციის საბჭო გაიმართება. სიმულაციის შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.

გალერეა