• English
  • ქართული

სიახლეები

თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა გაიხსნა

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა გახსნეს.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა შესაბამისი რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ პროექტის ფარგლებში.

მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო ნაკრები – მათ შორის პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები, 3D პრინტერი, დრონი და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა.

126-ე სკოლის მოსწავლეები ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს, წარმოადგენენ არდუინოს, განახლებადი ენერგეტიკისა და რობოტექნიკის კუთხეებს და სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობას.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნის მიზანი სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერებაა, რაც მოგვიანებით მათ პროფესიულ არჩევანში ტრანსფორმირდება.

თბილისის 126-ე საჯარო სკოლასთან ერთად STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაშიც მოეწყო. სამუშაო სივრცეებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ: სკოლებმა უნდა უზრუნველყონ I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვა და სხვა საპილოტე სკოლებს გაუზიარონ აქტივობები, დაინტერესებული სკოლები ჩართონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებში. სამუშაო სივრცეები აღჭურვილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც უზრუნველყოფს სხვა სკოლებთან ონლაინ რეჟიმში ჩართვას და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებისა და აქტივობების განხორციელებას.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა უკვე დანერგილია 80  საპილოტე სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წლის დასრულებამდე კი სრულად დაინერგება 200 სკოლაში.

გალერეა