• English
  • ქართული

სიახლეები

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის მნიშვნელოვანი მიღწევები და აქტივობები საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს

I2Q პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ხატია ცირამუამ. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროექტში ჩართულმა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების საერთაშორისო ექსპერტმა, რონ ტიტუსმაც და დაინტერესებულ მხარეებს ონლაინ გაუზიარა გამოცდილება სკოლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. მან ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფაში უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ კანადურ მაგალითზე.

ხატია ცირამუამ დაინტერესებულ მხარეებს გააცნო პროექტის ფარგლებში ავტორიზაციის პროცესის მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ინტერვენციები. როგორც მან აღნიშნა, ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, IBF International-ის მეთვალყურეობით  გადამზადდა სკოლის ავტორიზაციის ხარისხის უზრუნველყოფის 150 ექსპერტი  და საორიენტაციო შეხვედრები ჩატარდა სკოლის ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან. ასევე, შერჩეულ სკოლებში განხორციელდა ავტორიზაციის პროცესის პილოტირება, რის საფუძველზეც საერთაშორისო ექსპერტებმა მოამზადეს გაუმჯობესების რეკომენდაციები. ავტორიზაციის პროცესის მხარდამჭერი აქტივობები IBF International-ის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის, რონ ტიტუსის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. რონ ტიტუსის ხელმძღვანელობით მომზადდა ავტორიზაციის პროცესის სახელმძღვანელო.

სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სკოლის მენეჯმენტის განვითარება-გაძლიერების მიმართულებით დაწყებულია სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების პილოტირება, მოსამზადებელი ტრენინგები გაიარა 80-ზე მეტმა პედაგოგმა; მომზადებულია საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი და სასკოლო სახელმძღვანელოების ეფექტიანობის ანალიზი. სასკოლო სახელმძღვანელოების კვალდაკვალ იგეგმება ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტიანობის ანალიზის მომზადება, ასევე 4 ტრენინგ მოდულის შემუშავება და პროექტის საპილოტე სკოლის დირექტორებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებათა ორგანიზება.

გარდა ამისა, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერების მიზნით 80 საპილოტე სკოლას გადაეცა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განსახორციელებლად საჭირო რესურსები. პროგრამების პილოტირება კიდევ 120 სკოლაში დაიწყება. ამ მიმართულებით უკვე გადამზადებულია 160 პედაგოგი და იგეგმება პედაგოგთა ახალი ნაკადის გადამზადება. თბილისისა და ზუგდიდის ორ საჯარო სკოლაში მოეწყო STEAM პროგრამის სამუშაო სივრცეები. სივრცეებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო ნაკრები – მათ შორის პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები, 3D პრინტერი, დრონი და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა. ნაკრებების გამოყენებით მოსწავლეები ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს, წარმოადგენენ არდუინოს, განახლებადი ენერგეტიკისა და რობოტექნიკის კუთხეებს და სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობას.

I2Q პროექტის ფარგლებში აგრეთვე იგეგმება ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების მიზნით შესაბამისი აქტივობების განხორციელება.

I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები. კერძოდ,  შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტები. პროექტის დასრულებამდე დაგეგმილია 14 ახალი სკოლის მშენებლობა ახალი სტანდარტების მიხედვით და 23 სკოლის სრული რეაბილიტაცია.

I2Q პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, განათლების რეფორმის მხარდამჭერი მექანიზმია. პროექტის ფარგლებში განათლების სხვადასხვა საფეხურზე ფართომასშტაბიანი აქტივობები ხორციელდება. პროექტის გუნდი ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტი ორიენტირებულია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე. მის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მოიცავს: სამიზნე სკოლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მთელი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა/გაფართოების მხარდაჭერას, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International ხელშეკრულების – „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგად განათლებაში“ ფარგლებში.