• English
  • ქართული

სიახლეები

საბავშვო ბაღის მენეჯერებისა და აღმზრდელების პროფესიული განვითარების მიზნით დედოფლისწყაროსა და ახალქალაქში ტრენინგების პილოტირების ციკლი მიმდინარეობს

საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარება I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით, I2Q პროექტთან თანამშრომლობით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა სატრენინგო მოდულები მოამზადეს. 2024 წლის მარტიდან კი ექვს საპილოტე მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ტარდება ტრენინგების ციკლი, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კვალიფიციური ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან.

21 მაისს I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი თამარ ჭყონია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და პერსონალის პროფესიული გადამზადების მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა. სპეციალურად მიმდინარე ტრენინგების ციკლზე დასაკვირვებლად საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი ელიზაბეტ სტიდი, რომელმაც მსმენელს ტრენინგების მიზნები და მოდულის შემუშავების პროცესები გააცნო.

სატრენინგო მოდულები მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც, რაც გულისხმობს ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას – საგანმანათლებლო პერსონალს ტრენერები საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესში გაუწევენ მენტორობას.

საბავშვო ბაღების მენეჯერებს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა დაეხმარება სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესების წასახლისებასა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში. ტრენინგების შემდეგ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული პერსონალი გამოცდილებას გაუზირებს აღმზრდელებს და დაეხმარება მათ საუკეთესო პრაქტიკის წარმოებაში. დედოფლისწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები 29 მაისს დასრულდება. ჯამში, ორივეგან, 30-მდე ადმინისტრაციული პერსონალი და მუნიციპალიტეტების მასშტაბით ყველა საჯარო საბავშვო ბაღის აღმზრდელები გადამზადდებიან.

ტრენინგების პილოტირება უკვე ჩატარდა გორის, ზუგდიდის, ვანისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

გალერეა