• ქართული
  • English

სიახლეები

SDSU ექსპერტებმა დედოფლისწყაროს მერთან ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გამართეს

I2Q პროექტთან თანამშრომლობით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები აგრძელებენ საბავშვო ბაღების აღმზრდელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. პროფესორები ნენსი ფრაი და ჯეიმს მარშალი საქართველოში მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, 28 მაისს ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის პროექტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც საბავშვო ბაღების პერსონალის გადამზადების ტრენინგების პილოტირება მიმდინარეობს.

ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ნიკოლოზ ჯანიაშილმა და ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ირმა ჯანაშვილმა. შეხვედრა მიზნად ისახავდა დედოფლისწყაროში – როგორც ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით მიმდინარე აქტივობების განხილვას.

მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით მიმდინარე ტრენინგების სერიაზე. პროექტის განხორციელების ფარგლებში, აღმზრდელების პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილოებდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 18 საჯარო საბავშვო ბაღის აღმზრდელები. ტრენინგები თეორიულის გარდა პრაქტიკულ მოდულებსაც მოიცავს და საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესში მენტორობასაც მოიცავს.

დედოფლისწყაროს მერმა გამოხატა სრული მზაობა და მხარდაჭერა დაგეგმილი აქტივობებისადმი. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რომელიც გულისმობს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის ინსტრუმენტის პილოტირებაში მუნიციპალიტეტის მერიის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის შესაბამისი წარმომადგენლების ჩართულობას, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონაცემების ანგარიშგების სისტემისთვის მოსამზადებელი სამუშაოების პილოტირებასა და საბავშვო ბაღის აღმზრდელების კვალიფიკაციის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.

ვიზიტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები შეხვდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს და გაეცნენ ტრენინგის მიმდინარეობას.