მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ჰარვარდის უნივერისტეტის LabXchange პროგრამის გამოყენებაში გადამზადდნენ
I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის კიდევ უფრო ეფექტიანად განსახორციელებლად, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, პროექტის საპილოტე სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროგრამასთან – LabXchange – თანამშრომლობა დაიწყო. LabXchange წარმოადგენს საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო რესურსების პორტალს, რომელთანაც თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციები, როგორებიცაა ხანის აკადემია, ჯექსონის სახელობის ლაბორატორია და სხვ.
2024 წლის მარტის დასაწყისში ჩატარდა LabXchange-ის პროგრამის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის 80 საპილოტე სკოლიდან 75 მასწავლებელი ესწრებოდა. დაინტერესებული მხარეები გაეცნენ პლატფორმის მიზნებსა და ამოცანებს. პროგრამამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პედაგოგებში. მსოფლიო ბანკის შუამდგომლობით LabXchange პროგრამის წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობის გზები დაისახა. მსოფლიო ბანკის და ჰარვარდის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოსთვის გამონაკლისის სახით ჩატარდა დამატებითი სესიები შერჩეული მასწავლებლებისთვის. შედეგად, საბუნებისმეტყველო საგნების ათმა ქართველმა პედაგოგმა ჰარვარდის უნივერსიტეტის LabXchange პროგრამის გამოყენებაში გადამზადება გაიარა. ონლაინ სესიებს უძღვებოდა ანდრიუ მინორი – LabXchange პროგრამის საერთაშორისო კონსულტანტი, რომელმაც პედაგოგებს პროგრამის ინტერაქტიული რესურსები, სასწავლო მიზნებით მათი კურიკულუმთან დაკავშირებისა და გამოყენების გზები დეტალურად გააცნო. პორტალზე განთავსებული რესურსების უმეტესობა შექმნილია ჰარვარდის უნივერსიტეტში, ასევე STEAM მიმართულებით მოქმედი საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრებისა და ორგანიზაციების მიერ. მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსები არის სანდო, უფასო და იძლევა კონკრეტულ საჭიროებაზე მორგების შესაძლებლობას.
პორტალი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მასწავლებლისა და მოსწავლისთვის. მათ შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, შექმნან პროფილი, სამუშაო სივრცე და მოცემული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენონ. პორტალზე შესაძლებელია ვირტუალური საკლასო ოთახის შექმნა, მოსწავლეების დამატება და ვირტუალური სწავლება. ასევე, მრავალფეროვანი რესურსების (სიმულაციური დავალებები, ინფორმაცია, წიგნი, სტატია) გაზიარება და მოსწავლეების შეფასება. არსებული რესურსი იძლევა ცდის ჩატარების შესაძლებლობას, მოსალოდნელი შედეგების წინასწარ დასახვას, სიმულაციების პროცესში შეცდომების დაშვებას. რაც მთავარია, მოსწავლეს შეუძლია ცდის მიმდინარეობისას დაშვებული შეცდომის გამოსწორება უკან დაბრუნების გზით. მასწავლებელი პროცესს მეთვალყურეობს ვირტუალურ კლასში და შესაბამისად აფასებს თითოეულ მოსწავლეს.
პორტალი ხელმისაწვდომია 17 ენაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მალე მის სანავიგაციო სისტემას ქართული ენაც დაემატება. სამომავლოდ დაგეგმილია პორტალის ყველაზე გამოყენებადი რესურსების ქართულ ენაზე თარგმნა.