• English
  • ქართული

სიახლეები

გორის მუნიციპალიტეტის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში ავტორიზაციის სიმულაციური ვიზიტი განხორციელდა

ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით, I2Q პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის მხარდამჭერი აქტივობები ხორციელდება. აქტივობებს უძღვებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, პირველი საპილოტე ვიზიტი გორის 1-ლ საბავშვო ბაგა-ბაღში განახორციელდა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ მომზადებული ტრენინგმოდულების შესაბამისად გადამზადებული კურიკულუმის, ხარისხის უზრუნველყოფის, კვების დარგის და სანიტარია და ჰიგიენის ექსპერტები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვივნენ საბავშვო ბაღს. ისინი ავტორიზაციის პროცედურების შესაბამისად, ადგილზე გაეცნენ მიწოდებულ დოკუმენტაციას და ინტერვიუები ჩაატარეს როგორც საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასთან, ასევე პასუხისმგებელ პირებთან და საგანმანათლებლო პერსონალთან.

ავტორიზაციის პილოტირების პროცესს აკვირდებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნენსი ფრაი და ჯიმ მარშალი.

ავტორიზაციის საპილოტე ვიზიტებზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშებს სიმულაციურად განიხილავს ავტორიზაციის საბჭო. სიმულაციურ ვიზიტებსა და ავტორიზაციის საბჭოს სამართლებრივი შედეგები არ ექნება. სიმულაციური ავტორიზაციის ვიზიტის დროს მიღებული ყველა ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. მისი მიზანი საბავშვო ბაღების შესაძლებელობების გამოვლენა და მათი გაძლიერებაა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტი განაგრძობს საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის მზადების მხარდაჭერას. მიმდინარე წლის 1-2 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართება ავტორიზაციის საბჭოს სიმულაციური სხდომა.