აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიაზე მუშაობა მიმდინარეობს
აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის შემუშავებისა და გაცნობის მიზნით სამუშაო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა, I2Q პროექტის (WB) ორგანიზებით, 29 ივლისს გაიმართა და მას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის შემუშავებაზე საერთაშორისო ტენდერით შერჩეული საკონსულტაციო კომპანია SEATIG INC./USA მუშაობს. შეხვედრის მონაწილეება განიხილეს წინასწარ მომზადებულ შიდა საუნივერსიტიტეტო ხარჯების ანალიზის დოკუმენტი, რაც მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებების დადგენას დარგის სპეციფიკისა და უმაღლესი განათლების საფეხურების გათვალისწინებით.
შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ უმაღლესი განათლების მართვის ახალი სისტემის პირველ მოდულს, რომელიც განკუთვნილია მოსწრებაზე დაფუძნებული საგრანტო დაფინანსების სისტემის ადმინისტრირებისთვის.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, საერთაშორისო კომპანია დაინტერესებულ მხარეებთან დამატებით შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.