CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ – მონაწილეებმა მიმდინარე შედეგები წარმოადგინეს
I2Q პროექტის (WB) კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები პირველი საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის შუალედურ მონიტორინგს ახორციელებენ.
მონიტორინგის ფარგლებში 23 ივლისს შეხვედრა გაიმართა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. CIF-ის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები კონსორციუმის (თსუ, იბსუ, აწსუ, LiU) პროექტის – „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ – მიმდინარე შედეგებს გაეცნენ.
პროექტის უმთავრესი მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ პროგრამაში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ სკოლაში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისთვის“ (CSS4D) შემუშავება და დანერგვა.
აღნიშნული პროგრამა ინოვაციურია და საქართველოში ჯერ არცერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ხორციელდება. სამაგისტრო პროგრამა გააერთიანებს შრომის ბაზარსა და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებულ თეორიული და პრაქტიკული სწავლების მოდულებს.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს რეგიონული – სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხოლო, სამაგისტრო პროგრამის შექმნაში მთავარი პარტნიორია ლინკოპინგის უნივერსიტეტი, რომელმაც აღნიშნული პროექტის CIF-ის პირველ საგნარტო კონკურსში გამარჯვებას შესაბამისი სტატია გამოაქვეყნა.