CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ – საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
12 ივლისს I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ – საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით.
კონსორციუმის პროექტის – „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამების შინაარსობრივ კვლევას, საჯარო სამსახურის სისტემაში იურიდიული პროფესიის თავისებურებების შესწავლას, საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების სისტემისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ანალიზს, უცხოური გამოცდილების ანალიზის დოკუმენტის მომზადებასა და საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის დოკუმენტის შექმნას.
შემაჯამებელი კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავება დაინტერესებული პირებისაგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც პროექტის განმახორციელებლი დაწესებულების აკადემიური პერსონალი, ასევე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს, საჯარო სამსახურის ბიუროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. I2Q პროექტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა.
ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას განათლების სისტემისა და საჯარო სამსახურის რეფორმის ჭრილში. აქტიური დისკუსია გაიმართა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ანალიზისა და მიგნებების ირგვლივ, ხოლო განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახალი სამაგისტრო პროგრამის კონცეფციამ, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და უმაღლეს განათლებაში დუალური სწავლების მეთოდის გამოყენებით 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნას გულისხმობს.
ღონისძიებაზე დამსწრე საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის საჭიროება პროფესიული საჯარო მოხელის მომზადებისათვის და გამოთქვეს მზადყოფნა პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სამაგისტრო პროგრამის საპილოტე მოდელის შექმნასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით.