• English
  • ქართული

სიახლეები

მეორე საერთაშორისო Excellence School-ს ბათუმმა უმასპინძლა

საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, 5-7 ივლისს, ბათუმში გაიმართა მეორე საერთაშორისო Excellence School, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა.

ნოდარ პაპუკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და Excellence School-ის ძირითადი თემატიკის – მულტისექტორული თანამშრომლობის, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევრებს დაეხმარება ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიების ჩამოყალიბებასა და მულტისექტორული პარტნიორობის გზით ინოვაციური მიდგომების განვითარებაში, რაც გაზრდის როგორც მათ კონკურენტუნარიანობას, ასევე უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიზნად ისახავს საგრანტო პროექტების მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადრეული კარიერის მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადებას. საერთაშორისო Excellence School-ის ძირითად ამოცანას კი, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო Excellence School ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი მასპინძლობით გაიმართა.

საერთაშორისო Excellence School-ის ფორმატით საქართველოში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება, რაც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებლობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.