• English
  • ქართული

სიახლეები

InTech4Med – სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობები კვლევებით დაინტერესებული სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის

„ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში (InTech4Med)” I2Q პროექტის (WB) კონკურენტული ინოვაციური ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიასთან ერთად ახორციელებს. პროექტი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობების კომბინაციას წარმოადგენს. მისი მიზანია მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტების განვითარება და პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენება.

InTech4Med პროექტის ფარგლებში 5 აგვისტოს გაიმართა ტრენინგი „მედიცინა და ინოვაცია“, რომელიც შეეხებოდა საპროექტო განაცხადის, სამეცნიერო ნაშრომის მომზადების და ტექნოლოგიების ტრანსფერის, აკადემიური კეთილსინდისიერების და თავისუფლების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და კვლევის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს. ტრენინგი ჩატარდა ჯანდაცვის მიმართულებით კვლევებით დაინტერესებული სტუდენტებისა  და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ I2Q პროექტის წარმომადგენლები.

პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოში კვლევითი ალიანსის და დარგობრივი კლასტერის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. იგი ხელს უწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სტუდენტური კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკული უნარების განვითარებას და სასწავლო-კვლევითი აქტივობების დიგიტალიზაციას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებაში არსებული ჯანდაცვის გამოწვევებზე ორიენტირებული სტუდენტური კვლევების ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები.