• ქართული
  • English

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელოვანი მონაცემების ანგარიშგების პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს

I2Q პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონაცემების ანგარიშგების სისტემას დანერგვის ხელშეწყობაზე მუშაობს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სისტემაში გაერთიანდება მონაცემები ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, ბავშვებისა და საგანმანათლებლო პერსონალის შესახებ.

I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან – დაგლას ფიშერსა და ჯეიმს მარშალთან ერთად, 11 სექტემბერს სამუშაო შეხვედრა გამართა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ანგარიშგების სისტემის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები და გამოწვევები, ისაუბრეს ანგარიშგების სისტემის ტრენინგების პილოტირების შედეგებსა და რეკომენდაციებზე. შერჩეულ ექვს საპილოტე მუნიციპალიტეტში გადამზადდა 94-ზე მეტი პასუხისმგებელი პირი. შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს სისტემის ფუნქციონალში საჭირო ცვლილებების ასახვის, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვების, ინფორმაციის შეყვანაზე პასუხისმგებელი პირის/პირების, პირადი მონაცემების დაცვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ნაბიჯების კოორდინირებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

EMIS-ს განათლების სხვადასხვა საფეხურზე ანგარიშგების პლატფორმების შექმნისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონაცემთა ანგარიშგების სისტემა EMIS-ის ბაზაზე დაინერგება.