• English
  • ქართული

სიახლეები

კონსერვატორია CIF-ის პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტს წარმატებით ახორციელებს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის ბენეფიციარია. კონკურსის ფარგლებში მოპოვებული გრანტით კონსერვატორია ახორციელებს პროექტს: „ზღვრებს მიღმა: ინოვაციების ხელშეწყობა ტრადიციებზე დაფუძნებულ უმაღლეს სამუსიკო განათლებაში“ (UniMusic).

პროექტი ემსახურება ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების  განვითარების, ასევე,  შემსრულებლობისა  და  უმაღლესი  სამუსიკო განათლების  ციფრული  ტრანსფორმაციის  გზით. პროექტი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე აკრედიტებული 6 ინგლისურენოვანი პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ,  Eduroam-ის  საერთაშორისო ქსელში ჩართვასა  და  პროგრამული უზრუნველყოფის –  LOLA-ს  (დაბალი შეყოვნების აუდიოვიზუალური ნაკადის ტექნოლოგია) დანერგვას კონსერვატორიის საშემსრულებლო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

UniMusic პროექტის ფარგლებში კონსერვატორიის პარტნიორები არიან სიბელიუსის აკადემია (ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტი) და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”.

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით I2Q პროექტის წარმომადგენლები 18 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ეწვივნენ.

პროექტის განმახორციელებლებმა I2Q პროექტის გუნდს მიმდინარე პერიოდისთვის მიღწეული შედეგები და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნეს.