• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა საზედამხედველო ჯგუფს შესრულებული სამუშაოები წარმოუდგინეს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები საქართველოში ვიზიტისას კონტრაქტის საზედამხედველო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს ოფისში 11 სექტემბერს გაიმართა. I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ ჯგუფის წევრებს შეხვედრის მიზანი და დღის წესრიგი დეტალურად გააცნო.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დაგლას ფიშერმა და ჯეიმს მარშალმა საზედამხედველო ჯგუფის წევრებს კონტრაქტით გათვალისწინებული და მის მიღმა განხორციელებული აქტივობები დეტალურად წარუდგინეს. ექსპერტებმა მომოიხილეს პროექტის ფაზები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, სფეროში მომუშავე საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული ტრენინგები და სხვ. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ტრენერებისგან მიღებული უკუკავშირისა და პროფესიული განვითარების ტრენინგების პილოტირების შუალედური შედეგების გათვალისწინებით გაუმჯობესებული მოდულების მიხედვით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში დამატებით გადამზადდა 15 საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალი.

ექსპერტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს  გორის #1 საბავშვო ბაღში წარმატებით ჩატარებული ავტორიზაციის სიმულაცია. ასევე, ადრეული განათლებისა და სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის საპილოტე რეჟიმში დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 32 მუნიციპალიტეტის 177 საგანმანათლებლო პერსონალი მომზადდა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით,  საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით, მომზადდა რამდენიმე ვიდეორგოლი ინკლუზიური განათლების, პროექტებით სწავლების, ოჯახებთან მუშაობის, დიდ და მცირე ჯგუფებთან წიგნიერების განვითარების, ფიზიკური განვითარების, აქტივობებს შორის ტრანზიციის და სხვა ბავშვის განვითარების ხელშემწყობი მიდგომების შესახებ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა ისაუბრეს პროექტის მომდევნო ფაზებზე, რაც მოიცავს ავტორიზაციის პროცესის სიმულაციებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მჭირდო თანამშრომლობით.

ექსპერტებმა მადლობა გადაუხადეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მხარდჭერისა და თანამშრომლობისთვის და აღნიშნეს, რომ ყველა ჩართული მხარის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება მათ სამუშაოებში.