სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის – CIF1-ის გამარჯვებული პროექტი
CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში კონსორციუმმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“. პროექტი შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს წარმოადგენს და მისი მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბი) შექმნა, რომელიც გამოყენებულ იქნება ფსიქოლოგიის და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის, როგორც პრაქტიკის ადგილი, სადაც გაანალიზდება შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაო, განისაზღვრება შშმ/სსმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და შესაძლებელი გახდება შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში ჩართულობის ხელშეწყობა.
ამ მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა 4 ლაბორატორია: უნიფუდი-ჯანმრთელი კვების კუთხე, პოლიგრაფ-შოპი – ასლგადამღები პუნქტი/საგამომცემლო საქმე, ფაბლაბი – ხის პროდუქციის დამამზადებელი პუნქტი, შეხვედრების ბაღი – სადაც მოეწყობა სოციალური ღონისძიებები სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა 4 ლაბორატორია: მებაღეობის ლაბორატორია, გასტრონომია – პურის ცხობის ტექნოლოგია, მევენახეობის ლაბორატორია, კომპიუტერული ლაბი. სულ მოეწყობა 8 ლაბორატორია.
პროექტის ფარგლებში, ამა წლის 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩამოსული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები – ტერასას უნივერსიტეტის კვლევის პროფესორი ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით მარია კაპანაძე და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი სალვადორ სიმონი ესპანეთიდან. ისინი უძღვებოდნენ შშმ პირების სწავლების პროცესს ლაბორატორიებში. მოცემული ღონისძიების ფარგლებში, შშმ პირებისათვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების დაუფლების პროცესს დაესწრნენ I2Q პროექტის CIF-ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებიც.
პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან შეხვედრაც გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრას სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. დაგეგმილია მთელი საქართველოს მასშტაბით ქსელის „მოდი-ლაბორატორიები“ შექმნა შშმ პირების დასაქმების უფლებათა ადვოკატირებისთვის.
პროექტის განხორციელება ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.