• English
  • ქართული

სიახლეები

მექატრონული სისტემების სწავლება ბსსა-ის საგანმანათლებლო პროგრამებში საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული სწავლების საფეხურებზე დაინერგება

სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბსსა) კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის ბენეფიციარია. CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითადი მიზანია მექატრონული სისტემების (ელექტრონული და მექანიკური/ჰიდრავლიკური/პნევმატური სისტემების ერთობლიობა სწავლების დანერგვა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. შედეგად სტუდენტს უნდა გამოუმუშავდეს მექატრონული სისტემების მომსახურების, რემონტის დროს აუცილებელი რესურსებისა და საჭირო მეთოდების შერჩევის და ოპტიმალური სამუშაო გეგმით მოქმედების უნარები.

პროექტს ბსსა-ის გუნდი წარმატებით ახორციელებს. ძირითადი მიზნის მისაღწევად აკადემიამ შეიძინა სასწავლო ლაბორატორიული სტენდები, მოაწყო მექატრონიკის ლაბორატორია და თურქი პარტნიორების დახმარებით, გადაამზადა აკადემიური პერსონალი. ამჟამად ბსსა-ში ტრენინგების სერია მიმდინარეობს, რომელიც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში ზემოხსენებული სტენდების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას ემსახურება. აკადემიური პერსონალის გარდა, ტრენინგები განკუთვნილია საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვისაც.

პროექტის ფარგლებში ბსსა-მ შეიმუშავა სალექციო კურსი „მექატრონიკის საფუძვლები“, რომელიც ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებში არჩევით მოდულად დაინერგება.  აკადემია მუშაობას აგრძელებს, ასევე, „მექატრონული სისტემების მართვის“ სალექციო კურსზე, რომელიც სამაგისტრო პროგრამებისთვის იქნება განკუთვნილი.

აღსანიშნავია, ასევე, რომ პროექტის ფარგლებში აკრედიტაციისათვის შემუშავდა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინება პროფესიული სასწავლო პროგრამა „ელექტრობა“ (საბაზო და საშუალო დონეები).

ბსსა-ის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის შედეგების გავრცელება. სწორედ ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ისეთი აქტივობები, როგორებიცაა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და მექატრონული სისტემების დანერგვის შესახებ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება.

პროექტის საბოლოო შედეგები 2025 წლის თებერვალში იქნება ცნობილი.

გალერეა