• ქართული
  • English

სიახლეები

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს

ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით, I2Q პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის მხარდამჭერი აქტივობები მიმდინარეობს. აქტივობებს უძღვებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. SDSU ექსპერტების მიერ მომზადებული ტრენინგმოდულების შესაბამისად გადამზადდნენ კურიკულუმის, ხარისხის უზრუნველყოფის, კვების დარგის და სანიტარია და ჰიგიენის ექსპერტები და დაიგეგმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის სიმულაცია.

პირველი საპილოტე ვიზიტი, რომელიც დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებდა, გორის 1-ლ საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე წლის ივნისში განხორციელდა. სიმულაციური ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობდნენ გადამზადებული ექსპერტები. პროცესს აკვირდებოდნენ პროფესორები ნენსი ფრაი და ჯეიმს მარშალი. პირველი პილოტირება ექსპერტების მხრიდან წარმატებულად შეფასდა.

1-2 ოქტომბერს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის დასკვნითი ღონისძიება ტარდება, რომელშიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები, პროფესორები ნენსი ფრაი და ჯეიმს მარშალი მონაწილეობენ. ორდღიანი ღონისძიება I2Q პროექტის ჩართულობითა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებები და საბავშვო ბაღების ავტორიზაციის განრიგი, ასევე პროცესში ჩართული ექსპერტებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან პროცესის შეფასება. ღონისძიების მეორე დღე სიმულაციურ ავტორიზაციის საბჭოს დაეთმობა.

სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი გამოცდილებითი სწავლების მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს რეალური ავტორიზაციისთვის მომზადებას.