• ქართული
  • English

სიახლეები

IBF International-მა დაინტერესებული მხარეებისათვის ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების 6-თვიანი ანგარიში წარმოადგინა

ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის – საქართველო I2Q (WB) ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები საკონსულტაციო კომპანიამ IBF International 9 ოქტომბერს რიგით მეოთხე სემინარზე შეაჯამა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღწეული შედეგების განხილვას. კერძოდ:

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნა და დანერგვა, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების კურიკულუმის განახლება და სწავლის შედეგების მიღწევის დაძლევის ხელშეწყობა, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება და უნარ-ჩვევების განვითარება. პროგრამა უკვე წარმატებით დაინერგა და მოქმედებს საქართველოს მასშტაბით 80 სკოლაში. 2024-2025 სასწავლო წლიდან კი აქტივობებში დამატებით 120 სკოლა ჩაერთვება (სულ 200 სკოლა). ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სკოლების ავეჯითა და საგანმანათლებლო ნაკრებებით უზრუნველყოფა. შერჩეულია ლიდერი სკოლები, რომლებსაც პროგრამის განხორციელების მიღმა ევალებათ სხვა სკოლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება.

შემდეგი მიმართულება, რომელზეც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯმენტის ექსპერტმა რონ ტიტუსმა ისაუბრა, ეხებოდა ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც გულისხმობს სკოლების ავტორიზაციას. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მომზადდა ავტორიზებული სკოლების საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი, რომელიც სკოლებს გაუზიარეს. გარდა ამისა, შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტთა კორპუსის შეფასების კონცეფცია და მექანიზმები, რომელთა პილოტირებაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს უკვე განხორციელებული ავტორიზაციის შედეგების შეფასება. საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ ავტორიზაციის პოზიტიურ გავლენას სკოლების განვითარებაზე და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, სკოლებთან, გამართავენ შეხვედრებს.

სკოლის გაუმჯობესების (Whole School Improvement) მიმართულებით ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესი შეაფასა ექსპერტმა ნიუმან ბურდეტმა. მიმართულების ფარგლებში ყურადღება მახვილდება სკოლის შიდა ხარისხის განვითარება-ხელშეწყობაზე. მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში უკვე მესამე ვორქშოპი ჩატარდა საპილოტე სკოლების მონაწილეობით. ვორქშოპის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვა სკოლებთან გამოცდილების გაზიარების პრაქტიკაც. ბურდეტმა აღნიშნა, რომ სკოლებთან პრაქტიკის გაზიარების მიზნით მუშაობა გრძელდება და მონაწილე სკოლების რიცხვი 15-დან 50-მდე გაიზრდება.

მოსწავლის განმავითარებელი შეფასების სისტემის განვითარებასთან დახვეწასთან პროგრესის შესახებ ისაუბრა შეფასების სისტემის სპეციალისტმა ნორმან ემერსონმა. ამ მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობს შეფასების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების პილოტირების პროცესი. აღინიშნა ისიც, სკოლების წარმომადგენლები ასევე საუბრობენ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მოდელის განხორციელებისას აღმოჩენილ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლის დაძლევაც იგეგმება პროექტის ფარგლებში.

ექსპერტმა სუზან იანუზიმ აღნიშნა, რომ ბილინგვური განათლების გაძლიერების კუთხით სამინისტროსთან და შესაბამის სკოლებთან მჭირდო თანამშრომლობით არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის მუშავდება ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული მომზადება-გადამზადების მოდული.

ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები წარმოადგინა სარა შარატმა, რომელიც მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების საკითხებზე მუშაობს. მან აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპერტები სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობით მუშაობენ შესაბამის სახელმძღვანელოზე, რომელიც სკოლებს დაეხმარება მნიშვნელოვანი მონაცემების იდენტიფიცირებასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ დამუშავებასა და შემდგომი განვითარებისთვის გამოყენების საკითხებში.

ზოგადი განათლების საფეხურზე ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრა ეროვნული შეფასების სპეციალისტმა ედუარდო კასკალარმა და აღნიშნა, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საგნობრივი კურიკულუმის სტანდარტების გადახედვის კვალდაკვალ, 2024 წლის შემოდგომიდან ეროვნული შეფასების მექანიზმების შესამუშავებლად საბაზო საფეხურის ყველა საგნობრივ ჯგუფში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები.

შედეგების ანგარიშების წარდგენის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს სკოლებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკები. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე სამუშაოებში ძირითადი გამოწვევებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც პილოტირების პროცესში ჩართული სკოლების წარმომადგენლებმა მიღებული გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარეს.