• ქართული
  • English

სიახლეები

CIF-ის საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის – EEPIIQ – ფარგლებში სტუდენტებისთვის სამეწარმეო განათლების ინტენსიური სასწავლო კურსი ტარდება

კავკასიის უნივერსიტეტი მასპინძლობს 5-დღიან ინტენსიური სასწავლო კურსს, რომელიც  ცნობილია bootcamp-ის სახელით. კურსი მოიცავს შესავალს ე.წ. Lean Startup მეთოდოლოგიის შესწავლაში, რაც გულისხმობს პროდუქტის/სერვისის შემჭიდროვებულ ვადებში განვითარებასა და იმის დადგენას, რამდენად წარმატებული იქნება ბიზნეს მოდელი. ღონისძიება ტარდება სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს – კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ (EEPIIQ) – ფარგლებში, რომელმაც I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსში (CIF) მოიპოვა დაფინანსება. ღონისძიებას გახსნას დაესწრნენ I2Q პროექტის წარმომადგენლები.

სასწავლო კურსში კავკასიისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს და მას ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) კვლევის, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, ბობ სმიტი უძღვება.

ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტები ეცნობიან სტარტაპის ყველა ძირითად ეტაპს,  მათ შორის, სპეციალურ მეთოდოლოგიას, სტარტაპ იდეის გენერაციასა და ვალიდაციას, ბაზრის კვლევას, მომხმარებელთან ურთიერთობას, იმას, თუ რა ღირებულებებს ეფუძნება პროდუქტი/სერვისი, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებას, ბრენდინგს, დაფინანსების მოზიდვის გზებს, იდეის წარდგენის (pitching) მექანიზმებს. 5-დღიანი ღონისძიების ბოლო დღე მონაწილე გუნდების სტარტაპ იდეების პრეზენტაციას დაეთმობა.

პროექტის ფარგლებში GWU-ს „ინოვაციებისა და მეწარმეობის“ ოფისის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალი გადაამზადეს, რის შემდეგაც  უნივერსიტეტში შეიქმნა „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი/ლაბორატორია“. ლაბორატორიის დანიშნულებაა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მომზადება/გადამზადება იმისთვის, რომ შეძლონ ბაზრის მოთხოვნებისა და სამეწარმეო ინოვაციური რესურსების იდენტიფიცირება.

გარდა ამისა, სტუდენტების შესაბამისი სასწავლო უნარებით აღჭურვის მიზნით, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჩართულობით, უნივერსიტეტებმა განაახლეს აკადემიური პროგრამების კურიკულუმები (3 კურიკულუმი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 5 – კავკასიის უნივერსიტეტში). პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები უნივერსიტეტების მესამე მისიის განხორციელების შესახებ. შედეგად, აშშ-ის უახლეს ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში შემუშავდა საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების სტრატეგია, რაც, ინდუსტრიასა და საზოგადოებაში ცოდნისა და ტექნოლოგიის ტრანსფერის მეშვეობით, ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.

გალერეა

გალერეა