• English
  • ქართული

სიახლეები

I2Q პროექტის მხარდაჭერით ეროვნული შეფასების ტესტური დავალებების ბანკი შეიქმნება

ზოგად განათლებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანია ეროვნული შეფასების სისტემის თანმიმდევრული განვითარება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების გადახედვის კვალდაკვალ, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე ეროვნული შეფასების მიზნები და ამოცანები. I2Q პროექტის მხარდაჭერით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ყველა საგნობრივ ჯგუფში, მოსწავლეთა სწავლის შედეგების შეფასებისათვის მუშავდება შეფასების ინსტრუმენტები (ტესტები) და შეიქმნება ტესტური დავალებების ბანკი.

აღნიშნული მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. არსებული კარგი პრაქტიკების გათვალისწინებით, სამინისტროსთან შეთანხმდა შეფასების მეთოდოლოგია და გაიწერა დავალების სამოქმედო გეგმა.

ცენტრს  ექსპერტულ მხარდაჭერას, I2Q პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise SA  უწევს. ეროვნული შეფასება ჩატარდება IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემოთავაზებული IRT მეთოდოლოგიით, რომელსაც მრავალი ქვეყანა წარმატებით იყენებს. დავალების შესრულებაში ჩართულია საკონსულტაციო კომპანიის ექვსი საერთაშორისო ექსპერტი, მათ შორის, ხუთი – საგნობრივი და ერთი – მეთოდოლოგიის მიმართულებით. ტესტების შექმნაში ჩართული ყველა ადგილობრივი ექსპერტი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გაივლის მომზადების პროგრამას.

დაწყებულია სატესტო დავალებების შექმნაში ჩართული საგნობრივი ექსპერტების შერჩევის პროცესი. სატესტო დავალებების შეფასების პროცესში ჩართული ცენტრის თანამშრომლებისთვის მომზადების პირველი ფაზა საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ჩატარდა.

ეროვნული შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება სკოლებისთვის, რაც მათ დაეხმარება სასკოლო კურიკულუმის განხორციელებაში და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეროვნული შეფასების შედეგები მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს სისტემურ დონეზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე, 2025 წლის მაისიდან დაწყება ეროვნული შეფასების ტესტებზე მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ შეფასებაში ძირითადი აქცენტი, ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად, ისეთი მნიშვნელოვანი უნარების შეფასებაზე გაკეთდება, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

მნიშვნელოვანია, რომ ტესტები იყოს თანხვედრაში ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის განახლებულ საგნობრივ სტანდარტებთან. სამუშაო პროცესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით წარიმართება.

გალერეა