STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის წარმატებით დანერგვის მიზნით პედაგოგების მომზადება-გადამზადება მიმდინარეობს
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise SA სკოლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის დანერგვაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას. პროგრამა უკვე წარმატებით მოქმედებს საქართველოს მასშტაბით 80 სკოლაში და 2024-2025 აკადემიურ წელს ის კიდევ 120 სკოლაში (სულ 200 სკოლა) დაინერგება. STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის მიზანი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერებაა.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის წარმატებით დანერგვისა და განხორციელების მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 120-ვე სკოლის 240-ზე მეტი პედაგოგის მომზადება-გადამზადება რესურსების მოხმარებისა და STEAM პროგრამის სკოლებში დანერგვასთან დაკავშირებით. შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ჩაატარებს IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი – ჯეფრი ნოვაკი.
თბილისის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების მომზადება-გადამზადებას 28-29 ნოემბერს, თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში საერთაშორისო ექსპერტი ჯეფრი ნოვაკი ხელმძღვანელობდა.
I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გააცნო ზოგადი განათლების კომპონენტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები და გაუზიარა ინფორმაცია STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის სკოლებში პილოტირების სრული ციკლის შესახებ. ხოლო სკოლის STEAM კლუბის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებმა თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა ერთი წელია მოქმედებს. სკოლაში წარმატებით მუშაობს STEAM ინოვაციური პროგრამის სამუშაო სივრცე, სადაც სკოლის მოსწავლეები მუშაობენ STEAM სასკოლო პროექტებზე. აღნიშნული პროგრამა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ერთად 2024 წლის დასაწყისში გახსნა.
STEAM პროგრამის საპილოტე სკოლის პედაგოგებს გადაეცათ ლეპტოპები და STEAM საგანმანათლებლო ნაკრებები. მომდევნო კვირაში დაგეგმილია ბორჯომის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის მუნიციპალიტეტების სკოლების პედაგოგების მომზადება-გადამზადება.
2024 წლის ბოლოს 120-ვე სკოლაში დაიწყება STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირება და პროცესში მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.