12 სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის ინოვაციური სამუშაო სივრცეები მოეწყობა
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q პროექტი) ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 200 საპილოტე სკოლაში ეტაპობრივად ინერგება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეებია – პროგრამა უკვე წარმატებით მოქმედებს საქართველოს მასშტაბით 80 სკოლაში, ხოლო 2024-2025 აკადემიური წლის ბოლომდე ის კიდევ 120 სკოლაში დაინერგება. ორასივე საპილოტე სკოლა აღჭურვილია შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებითა და ტექნიკით. პროექტის ფარგლებში გადამზადდა საბუნებისმეტყველო საგნების 400-ზე მეტი პედაგოგი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შერჩეულ საპილოტე სკოლებიდან 12-ში (საქართველოს სხვადასხვა რეგიონში) მოეწყო განსაკუთრებული, STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცეები. სამუშაო სივრცეები 2023 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს თბილისის 126-ე საჯარო სკოლასა და ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში.
ინოვაციური სამუშაო სივრცისთვის შერჩეულ სკოლებს მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში გადაეცა შესაბამისი STEAM საგანმანათლებლო რესურსი – მათ შორის პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები, 3D პრინტერი, დრონი და კომპიუტერული ტექნიკა. ასევე, ინოვაციური სივრცეები აღიჭურვა სპეციალური ავეჯით, რომელიც აკმაყოფილებს ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. ინოვაციური სამუშაო სივრცეები უზრუნველყოფილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც უზრუნველყოფს სხვა სკოლებთან დისტანციურად დაკავშირებას, ერთობლივი STEAM პროექტებისა და სხვა ღონისძიების განხორციელებას.
შერჩეულ 12 საჯარო სკოლაში შექმნილია STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცეებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს როგორც პროგრამის მასპინძელი სკოლისთვის, აგრეთვე მთლიანად რეგიონისთვის. I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული STEAM პროგრამა და თანამედროვე ტექნიკური რესურსი ქმნის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე. უფრო მეტიც, ეს 12 სკოლა შეასრულებს რეგიონის სკოლებისთვის STEAM ჰაბის ფუნქციას, დააკავშირებენ სკოლებს. ისინი ახალ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ რეგიონის სხვა სკოლებს, შეიქმნება ერთობლივი STEAM პროექტები. მოეწყობა STEAM პროექტების რეგიონული და ეროვნული კონფერენცია, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ საკუთარი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა.
I2Q პროექტის ფარგლებში 2024 წელს STEAM ინოვაციური სივრცე მოეწყო შემდეგ სკოლებში:
- ბორჯომის №6 საჯარო სკოლა
- ბაღდათის №2 საჯარო სკოლა
- წალენჯიხის №2 საჯარო სკოლა
- თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა
- ქუთაისის № 33-ე საჯარო სკოლა
- აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის №4 საჯარო სკოლა
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლა
- მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლა
- ყვარლის №2 საჯარო სკოლა
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა
I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ათივე სკოლა მოინახულა და შეხვედრები გამართა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან, სკოლების დირექტორებთან და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან, რომლებიც STEAM ინოვაციურ სივრცეებში იმუშავებენ. მან დეტალურად განუმარტა სივრცის მუშაობის პრინციპები და მიაწოდა ინსტრუქციები სამუშაო სივრცის მოწყობისა და STEAM რესურსების გამოყენების თაობაზე.
სკოლებს მხარდაჭერას და კონსულტაციებს 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი ჯეფრი ნოვაკი გაუწევს.