• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად პედაგოგები მომზადნენ

I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სკოლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა საქართველოს 200 სკოლაში ინერგება. საპილოტედ შერჩეული სკოლებიდან 80 სკოლაში პროგრამა უკვე წარმატებით მოქმედებს და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები STEAM პროექტების მომზადებაში. დარჩენილი 120 სკოლა კი მზადაა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირებისთვის – პროგრამა მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად ამოქმედდება და პროცესში მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვებიან. პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად, მომზადება-გადამზადება წარმატებით გაიარა STEAM მიმართულების 240-ზე მეტმა პედაგოგმა. პროცესს საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი, ჯეფრი ნოვაკი უძღვებოდა.

ჯეფრი ნოვაკმა მომზადება-გადამზადების ვორქშოფები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში ჩაატარა. საერთაშორისო ექსპერტი საპილოტე სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს დეტალურად აუხსნა მწვანე ენერგიის მოწყობილობების, არდუინოს და ა.შ. გამოყენების პრინციპები. პედაგოგები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ STEAM საგანმანათლებლო ნაკრებებით, რომლებიც სკოლებისთვის I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითაა შეძენილი. საგანმანათლებლო ნაკრებებს ასევე ახლავს დეტალური ვიდეო ინსტრუქციები, რომლებშიც ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მათი მუშაობის პრინციპები. ვორქშოფებზე პედაგოგებმა ააწყვეს ქარის ენერგიაზე მომუშავე ტურბინა, ელექტროლიზით აამუშავეს რობოტი მანქანა, გაეცნენ სწავლების ინოვაციურ მიდგომებს და ა.შ.

საერთაშორისო ექსპერტმა პედაგოგებს გაუზიარა ინფორმაცია GEM ელექტრონული საკომუნიკაციო პორტალის შესახებ, რომელიც სპეციალურად 200 საპილოტე  სკოლისთვის, STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მომზადდა და რომელზეც თავმოყრილია პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსები, ინსტრუქციები და ა.შ. პორტალი ხელმისაწვდომია STEAM პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა პედაგოგისთვის.

პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ვორქშოფებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს მათ, დახვეწონ სწავლების მეთოდოლოგიები და საკუთარ სკოლებში წარმატებით დანერგონ STEAM პროგრამა. მასწავლებლები დაეხმარებიან მოსწავლეებს შექმნან STEAM პროექტები, რომლებსაც მომდევნო წლის შემოდგომაზე დაგეგმილ მასშტაბურ STEAM კონფერენციაზე – „მომავლის საქართველო“ – წარადგენენ. ვორქშოფის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამიერიდან უფრო მარტივად შეძლებენ STEAM რესურსების გამოყენებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში, რაც, მათი აზრით, გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საბუნებისმეტყველო საგნებით.

STEAM პროგრამის პილოტირებაში ჩართული ყველა სკოლა საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად მიიღებს.

გალერეა