მესამე საერთაშორისო Excellence School-ს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა
I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 24-26 იანვარს, მესამე საერთაშორისო Excellence School ჩატარდა.
მესამე საერთაშორისო Excellence School-ის ღონისძიება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან პარტნიორობით) ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მასპინძლობით გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთაგან ერთ-ერთი, სწორედ, ე.წ. International Excellence School-ების ჩატარებაა. საერთაშორისო სკოლები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას, ახალი ცოდნის გენერირებასა და გაზიარებას და ქმნის ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად სწრაფი განვითარების შესაძლებლობას. დღევანდელი ღონისძიება, მისი თემატიკიდან გამომდინარე, დაეხმარება ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევარებს გაიღრმაონ ცოდნა უმაღლეს განათლებაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კონტექსტში. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს აკადემიური საზოგადოების უფლებების დაცვას, კვლევის შედეგების პასუხისმგებლობით გაზიარებასა და გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში, გაზრდის კონკურენტუნარიანობასა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს“.
მესამე საერთაშორისო Excellence School ძირითად თემატიკას წარმოადგენდა – „ინტელექტუალური საკუთრება უმაღლეს განათლებაში“ და მასში მონაწილეობდა 30 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი. სამდღიანი ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა პატენტების, სავაჭრო ნიშნების, საავტორო უფლებების შესახებ და მონაწილეობა მიიღებეს ვორქშოფებში, სიმულაციურ აქტივობებში, სიტუაციურ ანალიზებსა და ჯგუფურ სამუშაოებში.
I2Q პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო Excellence School-ის ფორმატით საქართველოში ორი ღონისძიება (IES1, IES2) უკვე ჩატარდა. საერთაშორისო Excellence School-ის ძირითად ამოცანას საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.