CIF-ის საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტით სჯსუ-ში ვეტერინარიის სტუდენტები თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებით ისწავლიან
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი – „ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და შესაბამისი მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა“ – CIF საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრიორიტეტებს პასუხობს. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტზე ორიენტირებული ვირტუალური გარემოს შექმნას თანამედროვე სავეტერინარო ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. სავეტერინარო შემთხვევების მოდელირება სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიზნობრივი კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ. პროექტის მიზნების მისაღწევად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტთან თანამშრომლობს.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტმა უახლესი სტანდარტების შესაბამისი ვეტერინარული სიმულატორები და მულაჟები შეიძინა. 22-25 დეკემბერს კი მოწვეულმა უცხოელმა პროფესორ მკვლევრებმა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისა და სტუდენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარეს.
მასტერკლასის ძირითადი მიზანი იყო ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში ახალი ინოვაციური მეთოდების შემოტანა, რაც უკავშირდება აუდიტორიულ სწავლებაში სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებას და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (OSCE) და ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული (OSPE) მეთოდების დანერგვას.
მასტერკლასი მოიცავდა მულაჟებზე დემონსტირებით სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებას, მათ შორის: სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ნაკერის დადებას, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიის პირობებში შინაგანი ორგანოების მოსმენას, ინტრავენურ ინფუზიას, ინტრავენურ ინტრადერმულ და ინტრამუსკულარულ ინექციას, გულ-ფილტვის რეანიმაციას, გართულებული მშობიარობის სრული სამეანო ჯაჭვის დემონსტრირებას და სხვა.
პროექტის განხორციელებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობა ეძლევა ვეტერინარიის მიმართულებით შეიმუშაოს სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზებით კი მოამზადოს მაღალი კომპენტენციის მქონე, შიდა და საგარეო შრომის ბაზარის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ვეტერინარები. ასევე, გააძლიეროს კავშირები შრომის ბაზართან და აღმოფხვრას კადრების დეფიციტი.
სხვადასხვა სიმულატორისა და მულაჟის შეძენით ფაკულტეტს შესაძლებლობა აქვს, სწავლების პროცესში მინიმუმამდე შეამციროს, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად გამორიცხოს სწავლებისათვის აუცილებელი სხვადასხვა მანიპულაციის ცოცხალ ცხოველებზე ჩატარება, რითაც თავიდან აირიდებს მოსალოდნელ სტრესულ რეაქციებს და დაიცავს ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნების ერთ-ერთ აუცილებელს პირობას.