თსუ-სა და IBSU-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის – სტუდენტებს 2025 წლიდან მიიღებს
პროექტმა „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ (CSS4D) დაფინანსება მოიპოვა 2023 წელს, I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსში (CIF). პროექტს ახორციელებს კონსორციუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (იბსუ) და ლინკოპინგის უნივერსიტეტის შემადგენლობით.
პროექტის უმთავრესი მიზანია ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის – კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისთვის – შემუშავება და დანერგვა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინტერდისციპლინურ პროგრამაში და IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ სკოლაში. პროგრამის იდეა გამოირჩევა ინოვაციურობით – საქართველოს არც ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსგავსი პროგრამა არ განხორციელებულა.
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 23 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების, მსოფლიო ბანკისა და I2Q პროექტის წარმომადგენლები და უცხოელი კონსულტანტები.
ღონისძიებაზე განიხილეს პროექტის მიღწევები, მათ შორის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი, სტაჟირების კონცეფცია, პარტნიორობის ფორმირები, მდგრადობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც პროექტის განხორციელების პროცესში წარმოიშვა და შეაფასეს მისი საბოლოო შედეგები.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თსუ-სა და IBSU-ს შორის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესმა ხელი შეუწყო ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, აკადემიურ ინოვაციასა და სწავლა-სწავლების ახალი შესაძლებლობების განვითარებას.
სამაგისტრო პროგრამა სტუდენტების მიღებას 2025-2026 სასწავლო წლიდან შეძლებს. სტუდენტები დაეუფლებიან სხვადასხვა სოციალური ფენომენის გაანალიზების ტექნიკებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. სამაგისტრო პროგრამა გააერთიანებს შრომის ბაზარსა და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებულ თეორიული და პრაქტიკული სწავლების მოდულებს.