• ქართული
  • English

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა

ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორის გაძლიერებაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები (SDSU) მუშაობენ. სამუშაოები ხორციელდება პროექტის – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

4 თებერვალს გაიმართა რიგით მეორე შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაზე განხილული იყო ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

კონფერენცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეების სიტყვით მიმართეს მსოფლიო ბანკისა და I2Q პროექტის წარმომადგენლებმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო ექსპერტმა ნენსი ფრაიმ დეტალურად ისაუბრა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს ის შედეგები, რომლებიც ამ დროისათვის მიღწეულია იმ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა ადმინისტრაციული პერსონალის მომზადება-გადამზადება და აღმზრდელ-პედაგოგების უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა; საგანმანათლებლო პერსონალის ანაზღაურების სისტემა; ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დანერგვის ხელშეწყობა; სასკოლო მზაობის პროგრამა; მონაცემთა ანგარიშგების სისტემა და შემუშავებული პროფესიული განვითარების მოდულების ბილინგვურ გარემოში ჩატარების საკითხები.

კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებშიც ექსპერტები, საბავშვო ბაღების მენეჯერები, ტრენერები, საპილოტე მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების სააგენტოებისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ბოლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტთა გუნდის ლიდერმა ნენსი ფრაიმ სერტიფიკატები გადასცა იმ სპეციალისტებს, რომლებიც საპილოტე მუნიციპალიტეტებში 6 თვის განმავლობაში შესაბამისი პერსონალის მომზადება-გადამზადებას უზრუნველყოფდნენ.

მომდევნო ეტაპზე, დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათთან კონსულტაციების კვალდაკვალ, სამუშაოები გაგრძელდება როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელოვანი მონაცემების ანგარიშგების სისტემის დასანერგვისა და საგანმანათლებლო პერსონალის სახელფასო პოლიტიკისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ჩარჩოს დანერგვის ხელშესაწყობად საჭირო სამართლებრივი ბაზის პროექტების მომზადების მიმართულებებით. ასევე, გაგრძელდება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.

ნ დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ფონდთან თანამშრომლობა 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2026 წლის თებერვალში დასრულდება. კონტრაქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურად შესრულებისა და კოორდინირებული მუშაობას განათლების,   მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საზედამხედველო ჯგუფი უზრუნველყოფს.

გალერეა