გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მენტორინგის გაუმჯობესებული ვიზიტების ციკლი ტარდება
I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ფონდი (SDSURF) საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში ექვს საპილოტე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავდა საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებას.
ჩატარებული ტრენინგების წარმატებული პილოტირებისა და მიგნებების კვალდაკვალ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა მენტორინგის ვიზიტების გაუმჯობესებულ ციკლს განმეორებით ატარებენ გორის მუნიციპალიტეტში.
19 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების უკვე გადამზადებული ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალისთვის ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კურიკულუმის მიზნები, კვლევა-აღმოჩენა, ბავშვების თვითრეგულაცია, კონფლიქტის მოგვარება, ბავშვების ინტერესების გაღრმავება, სოციალური ცნობიერება, თამაშები, სენსომოტორული კვლევები, ასაკობრივი განსხვავებები. ტრენინგის ფარგლებში აღმზრდელებმა ასევე იმუშავებს ჯგუფური დავალებებზე და წარადგინეს პრეზენტაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი, მეთოდისტები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები.
ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები 20 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ადგილზე – გორის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესში გაუწევენ მენტორობას საგანმანათლებლო პერსონალს.
მენტორინგის ვიზიტები საბავშვო ბაღების პერსონალს დაეხმარება სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესების წასახლისებასა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში.