ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა – განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება – შემუშავებული და აკრედიტებულია
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევა გვაქვს – შემუშავდა ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა: „განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება“, რომელიც სრულდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის (NKUA) მიერ ერთობლივი ხარისხის მინიჭებით.
პროგრამა მოიცავს თსუ-სა და NKUA-ს შორის თანამშრომლობას, ორიენტირებულია ხარისხზე, შესაბამისობასა და ინტერნაციონალიზაციაზე. სადოქტორო პროგრამა შეესაბამება რა საერთაშორისო სტანდარტებს, მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საგანმანათლებლო ლიდერობა, მეცნიერების მართვა და პოლიტიკის ანალიზი, ასევე, მოიცავს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, როგორიცაა: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება და კვლევითი პროექტები რეალურ სამყაროში.
ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამა ხელს უწყობს კულტურათაშორისი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას, სტუდენტების ჩართვას სალექციო კურსებსა და სეზონურ სკოლებში გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით. პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია აპლიკანტთა მიღება საერთო საბჭოს მიერ, ასევე, პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებს შეეთავაზებათ სადისერტაციო ნაშრომის თანახელმძღვანელობა თსუ-სა და NKUA-ს აკადემიური პერსონალის მიერ. საქართველოს მთავრობის მიზანი, განავითაროს სადოქტორო სწავლება ქვეყანაში, კარგად ჩანს წინამდებარე საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების ნაწილშიც – დოქტორანტთა პირველ ნაკადს შეეძლება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ისწავლოს პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამა შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს და აძლიერებს ქვეყნის, როგორც ლიდერის როლს, ერთობლივი სადოქტორო განათლების სფეროს განვითარებაში.
ახალი ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება“ სტრუქტურირებულია ისე, რომ დოქტორანტებმა მიიღონ მრავალმხრივი აკადემიური გამოცდილება, სადაც დაბალანსებულია თეორიული ცოდნისა და მისი პრაქტიკული გამოყენების კომპონენტები. პროგრამის სასწავლო გეგმა მოიცავს ძირითად კურსებს სპეციალიზებულ მოდულებთან ერთად, რომლებიც მორგებულია ინდივიდუალურ კვლევით ინტერესებზე, რაც უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებმა მიიღონ არა მხოლოდ ღრმა ცოდნა თავიანთ სფეროებში, არამედ განივითარონ დისციპლინათაშორისი უნარები, რომლებიც საჭიროა განათლებისა და მეცნიერების ადმინისტრირების რთული გამოწვევების გადასაჭრელად.
პროგრამამ მოიპოვა სრული კლასტერული აკრედიტაცია. ეს აღიარება აძლიერებს ვალდებულებას საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად. სადოქტორო პროგრამა მოიზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, გააძლიერებს აკადემიურ გაცვლას, კულტურულ მრავალფეროვნებასა და გლობალურ პერსპექტივებს უმაღლეს განათლებაში.
ერთობლივი სადოქტორო პროგრამის პროგრამის შექმნაზე, I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, იმუშავა საერთაშორისო ტენდერით შერჩეულმა საკონსულტაციო კომპანიამ – UCL Consultant, საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან თანამშრომლობით.
I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.