• ქართული
  • English

სიახლეები

სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამის პილოტირება საჯარო სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს

I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულია 150 სკოლა, რომლებიც სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამის საპილოტე ჯგუფები ამოქმედდება. სასკოლო მზაობის ჯგუფები ემსახურება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და განკუთვნილია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის სოციალური, ემოციური, მოტორული და კვლევის უნარების განვითარებას, ასევე, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით უნარებთან ერთად  სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამა ითვალისწინებს კეთებით სწავლას და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ სკოლებში სასკოლო მზაობის პროგრამის განსახორციელებლად საჭირო სივრცეების ინფრასტრუქტურულ მოწყობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს,I2Q პროექტის ფარგლებში კი აღჭურვილია თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯით, ტექნიკით, მიწოდებულია განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამა და მომზადებულია შესაბამისი საგანმანათლებლო პერსონალი. I2Q პროექტის ფარგლებში პროგრამის განახლებასა და პერსონალის პედაგოგიურ მომზადებაზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები მუშაობდნენ.

სასკოლო მზაობის ჯგუფებში პილოტირების მიმდინარეობის გასაცნობად I2Q პროექტი პერიოდულად ახორციელებს პროცესის მონიტორინგს. მორიგი ვიზიტით ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) კონსულტანტთან, მასაჰირო კატოსთან ერთად ესტუმრა.

სასკოლო მზაობის ჯგუფების პილოტირების მხარდაჭერის მიზნით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს ჩართულობით, JICA-ს მიერ შეძენილი საბავშვო საკითხავი ლიტერატურისა და საგანმანათლებლო სათამაშოების ნაკრებები გადაეცათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – რიყისა და ორულუს, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის სასკოლო მზაობის ჯგუფებს.

საგანმანათლებლო სათამაშოების ნაკრებები წიგნებთან ერთად მოიცავდა საბავშვო სამეცნიერო აღჭურვილობას პატარებში კვლევა-აღმოჩენის უნარების განსავითარებლად, ასევე სათამაშოებს, რომლებიც ახალისებს ბავშვებში მარტივი მათემატიკური გარდაქმნების და ლექსიკური მარაგის გამდიდრების ინტერესს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა და JICA-ს კონსულტანტმა არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გაცნობის მიზნით შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორსა და უფროს მეთოდისტთან, ასევე მოინახულეს საბავშვო ბაღები და გაესაუბრნენ აღმზრდელებსა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციულ პერსონალს.

I2Q პროექტისა და JICA-ს თანამშრომლობის ფარგლებში რესურსების გადაცემა სხვა მუნიციპალიტეტების სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვისაცაა დაგეგმილი.

გალერეა