• ქართული
  • English

სიახლეები

IBF Expertise S.A.-მ დაინტერესებული მხარეებისათვის ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების მორიგი 6-თვიანი ანგარიში წარმოადგინა

ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის – საქართველო I2Q (WB) ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები საკონსულტაციო კომპანიამ IBF Expertise S.A. 4 აპრილს რიგით მეხუთე სემინარზე შეაჯამა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების 6 თვის პროგრესის შეფასება და სამომავლო გეგმების წარდგენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი მოდებაძემ, მსოფლიო ბანკის განათლების სექტორის ექსპერტმა ანა ბერძენაძემ და IBF Expertise S.A-ს პროექტის მენეჯერმა კიარა მინელიმ.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო განვლილი 6 თვის განმავლობაში მიღწეული შედეგების განხილვას. კერძოდ: განათლების მართვის სპეციალისტმა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონ ჰენლიმ დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიში. პრეზენტაციაში მან დეტალურად მიმოიხილა პროექტის ფარგლებში ძირითადი თემატური მიმართულებებით მიღწეული პროგრესი. ექსპერტმა ისაუბრა სკოლის გაუმჯობესების, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის უწყვეტი განმავითარებელი შეფასებისა და მონაცემთა მართვის რეკომენდაციების შესახებ. ჯონ ჰენლიმ ასევე მიმოიხილა ეროვნული შეფასების სისტემის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები და STEAM მიმართულებით მიღწეული პროგრესი. I2Q პროექტის ფარგლებში, IBF Expertise S.A.-მ შექმნა და საქართველოს მასშტაბით 200 სკოლაში წარმატებით დანერგა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამები. სკოლებს გადაეცათ საგანმანათლებლო ნაკრებები, სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში კი შეიქმნა განსაკუთრებული STEAM სამუშაო სივრცე, რომელიც აღჭურვილია დამატებითი STEAM რესურსებით და სპეციალური ავეჯით.

6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ თემატურ მიმართულებაში ჩართულმა ექსპერტებმა დეტალური პრეზენტაციები წარმოადგინეს შესაბამის საკითხებზე: მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილა საბუნებისმეტყველო საგნების შეფასების სპეციალისტმა, ნიუმან ბარდეტმა; მთლიანი სკოლის შეფასების პრაქტიკასა და სკოლებიდან მიღებულ უკუკავშირზე ისაუბრა სკოლის მართვისა და გაუმჯობესების სპეციალისტმა, ლიგიტა გრიგულემ; მონაცემთა მართვის ნაწილში შეფასების სპეციალისტმა, სარა შარატმა გააზიარა ინფორმაცია მიღებული პილოტირების შედეგებისა და მონაცემთა მართვის შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ხოლო ეროვნული შეფასების ნაწილში ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა ეროვნული შეფასების სპეციალისტმა, ედუარდო კასკალარმა.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომელიც ეხებოდა დირექტორებისა და პედაგოგების სკოლის ბაზაზე დაფუძნებულ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის, ზესტაფონის №6, სამტრედიის №2 და სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საპილოტე საჯარო სკოლების დირექტორები.

პილოტირების პროცესში ჩართული სკოლების დირექტორებმა  დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინეს პრაქტიკული მაგალითები – თითოეულმა მათგანმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი I2Q პროექტის ზოგადი განათლების ფარგლებში მიმდინარე აქტივობებმა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

ღონისძიების დასასრულს, საერთაშორისო ექსპერტმა ჯონ ჰენლიმ შეაჯამა სემინარი და დაინტერესებულ მხარეებს ესაუბრა მომდევნო ნაბიჯებზე – იმ ძირითად ღონისძიებებზე, რომლებიც I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში მომდევნო 6 თვის განმავლობაში არის დაგეგმილი.

მსგავსი ღონისძიება იმართება წელიწადში ორჯერ და მიზნად ისახავს საკონსულტაციო კომპანია IBF Expertise S.A.-ს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების ანგარიშის დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენას.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტი ორიენტირებულია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე. მის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მოიცავს: სამიზნე სკოლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სკოლის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა/გაფართოების მხარდაჭერას, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. ხელშეკრულების – „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგად განათლებაში“ ფარგლებში.