• English
  • ქართული

სიახლეები

ეროვნული შეფასება IRT მეთოდოლოგიით ჩატარდება

I2Q პროექტის მხარდაჭერით, ზოგად განათლებაში ეროვნული შეფასების სისტემის თანმიმდევრული განვითარების მიზნით, საბაზო საფეხურის ექვს საგნობრივ ჯგუფში, მოსწავლეთა სწავლის შედეგების შეფასებისათვის მუშავდება შეფასების ინსტრუმენტები – ტესტური დავალებები.

ამ მიმართულებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (NAEC) ექსპერტულ მხარდაჭერას IBF Expertise SA-ს საერთაშორისო ექსპერტები უწევენ. NAEC-ის მიერ ტესტების დავალებების შექმნის მიზნით შერჩეულმა 167-მა ადგილობრივმა ექსპერტმა ინტენსიური გადამზადების პროგრამა გაიარა. გადამზადების პროგრამას საერთაშორისო ექსპერტი, ეროვნული შეფასების სპეციალისტი, ედუარდო კასკალარი ხელმძღვანელობდა.

აპრილში, ორი კვირის განმავლობაში, გადამზადების პროგრამას ინტენსიურ რეჟიმში  გადიოდნენ ტესტური დავალებების შემქმნელები. პროგრამა მიზნად ისახავდა მათთვის იმ მეთოდოლოგიური ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომელიც საჭიროა ხარისხიანი ტესტური დავალებების შექმნისთვის ტესტის თანამედროვე თეორიის გამოყენებით (IRT). გადამზადების პირველი კვირა დაეთმო IRT მეთოდოლოგიასა და შესაბამის მიდგომებზე მსჯელობას, ხოლო მომდევნო კვირა – პრაქტიკულ სამუშაოებს. საერთაშორისო ექსპერტებმა ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად განიხილეს, როგორ შემუშავდება ტესტური დავალება თითოეულ საგანში, როგორი უნდა იყოს შეფასების კრიტერიუმები, როგორი უნდა იყოს დავალების სირთულე და შინაარსი, რომ ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად, შეფასდეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ა.შ.

საქართველოში ეროვნული შეფასება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე 2027 წლიდან ჩატარდება IBF Expertise S.A საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემოთავაზებული IRT მეთოდოლოგიით, რომელსაც მრავალი ქვეყანა წარმატებით იყენებს. დავალების შესრულებაში ჩართულია საკონსულტაციო კომპანიის ხუთი საერთაშორისო ექსპერტი საგნობრივი მიმართულებით. ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად დაწყებულია მუშაობა დავალებების ბანკის შექმნაზე, რომელიც მოიცავს ტესტურ დავალებებს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასის 6 საგნობრივი ჯგუფის/12 საგნისთვის.

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფის – ტესტური დავალებების ბანკის შემფასებელი კომიტეტის წევრების ტრენინგები ჩატარდა. შემფასებელი კომიტეტის შექმნის მიზანი ტესტური დავალებების გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. კომიტეტის წევრების გადამზადების პროცესსაც საერთაშორისო ექსპერტი ედუარდო კასკალარი უძღვებოდა.

გალერეა