• ქართული
  • English

სიახლეები

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტის შედეგების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15-16 მაისს, I2Q პროექტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტის შედეგების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ, რომელმაც ისაუბრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით პროექტის –  „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო 12Q“ ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე.

I2Q პროექტის ფარგლებში გაწეულ იქნა მნიშვნელოვანი ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორობით ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებისათვის. სადოქტორო პროგრამამ – „განათლებისა და მეცნიერების მართვა და ადმინისტრირება“ – უკვე გაიარა აკრედიტაცია და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო.

ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამა – „განათლებისა და მეცნიერების მართვა და ადმინისტრირება“ სრულდება ერთობლივი ხარისხის მინიჭებით. პროგრამას ახორციელებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტი (NKUA). პროგრამის წარმატებით განხორციელება განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს განათლების სფეროს ლიდერების მომზადებაში.

განათლებისა და მეცნიერების ეფექტურად მართვისათვის საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრები, მაღალი რანგის მენეჯერები. სწორედ ასეთი ლიდერების მომზადებას ისახავს მიზნად ახალი სადოქტორო პროგრამა.

I2Q პროექტის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია საბაკალავრო სწავლების საფეხურზე მეწარმეობისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავებაც. პროექტის ფარგლებში შემუშავებული შვიდი მოდული ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რაც მათ საშუალებას აძლევს ახალი არჩევითი მოდულების ინტეგრაციით გააძლიერონ მიმდინარე აკადემიური პროგრამები.

პროექტის ფარგლებში, ასევე წარმატებით ჩატარდა სამი ე.წ. საერთაშორისო Excellence School. კერძოდ, საერთაშორისო სკოლა ჩატარდა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. მასში მონაწილეობა მიიღო ჯამში – 90-მა ახალგაზრდა მკვლევარმა. საერთაშორისო სკოლა ჩამოყალიბდა წარმატებულ პლატფორმად ცოდნის გაზიარების, საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

International Excellence School მიზნად ისახავს ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესებას. შერჩეული თემატიკების შესაბამისად ორგანიზებულ ღონისძიებებში ახალგაზრდა მკვლევარებმა წარმოადგინეს კვლევითი ინიციატივები, მოხდა მათი შეფასება და შედეგების განხილვა, რაშიც მონაწილეობდნენ მიმართულების წამყვანი მეცნიერები და აკადემიური პერსონალი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.

საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებდა საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და საკონსულტაციო კომპანია – სევი ბიზნესის (Savvy Business) გუნდი. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.